სიახლე

მარტოობა- ვაჟა ფშველა

მარტოობა

აღარ მესტუმრა არწივი,
აღარ დამყეფა თავზედა.
აღარც რო კარგი მალაღებს,
აღარცა ვჯავრობ ავზედა,
სულსა მხდის მტერი, ტყავს მაძრობს,
ჯალათად მადგა კარზედა.
არა სჩანს ჩემი არწივი,
რო მხარი დამკრას მხარზედა.
ავენთო, როგორც საკირე,
დავიწვა თავის ალზედა,
ან თოფის ჩახმახს მოვზიდო,
ხელი დავიდვა ხმალზედა.
აღარ ვარგივარ არაფრად,
დავჩლუნგებულვარ ძალზედა.

მოდი, არწივო, სადა ხარ?
შორითვე გიცნობ ხმაზედა.
შენს მოსვლას როცა კი ვიგრძნობ,
გამოვიცვლები წამზედა;
მყის ვტოვებ დედამიწასა,
გადავსახლდები ცაზედა.
ხან ფანდურს შევაჟღარუნებ,
ხან დავამღერებ თარზედა.
ხან ვტირი, ხანა ვლოცულობ,
ხან ბრაზს, შხამს ვანთხევ შხამზედა.

როცა არწივი თან მახლავს,
მაზის მარჯვენა მხარზედა, -
მეფისა მადგა გვირგვინი,
ვზივარ სამეფო ტახტზედა!
შეურაცხყოფას ვინ მკადრებს?
სალამს მიძღვნიან ცდაზედა.
როცა არწივი წამივა,
ჩვარი ვარ, მცირე ჩვარზედა.
დამმალეთ, ნუ გამომაჩენთ,
არ შესცდეთ, დამსვათ ჯარზედა.


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.