სიახლე

იოსებ ნონეშვილი - მას საქართველო ჰქვია

არის ასეთი ქვეყანა

ვაზის ძირში დარწეული აკვანი,
სალამურის საამური კვნესა,
გმირობის და უკვდავების ზღაპარი
ხალხში თქმული რუსთაველის ლექსად.
მამა-პაპის წმინდა სისხლით ნაბანი,
მზის სხივებით ანთებული მარად,
უფსკრულებში ჩანჩქერების ჩქაფანი,
მთებზე თოვლი, ბულბულები – ბარად.
ზოგან ირმების ჯოგია,
ზოგან არწივნი ჰქრიან,
არის ასეთი ქვეყანა, –
მას საქართველო ჰქვია!
თვალტანადი ქალ-ვაჟების ნათქვამი
იავნანა, ურმული და რერო,
სიცოცხლით და სიყვარულით გამთბარი
ვენახები, ყანები და მდელო.
თხილის ერთ გულს ცხრა ძმას ძმურად გაუყოფს,
მას თავისთვის განა მეტი უნდა?..
სურს მოყვარეს გულის კარი გაუღოს,
სახლის კარი ღია არის მუდამ.
„ერი პურადი, გულადი“,
სტუმარს ღვთის კაცად სთვლიან…
არის ასეთი ქვეყანა, –
მას საქართველო ჰქვია!
ურმის ჭალებს შესეული ბავშვები,
ივრის ჭალებს – კაკაბი და გნოლი…
ჩვენს იმედად, მტერთა რისხვად ნაშენი
ძველთაძველი თბილისი და გორი.
დეკემბერში ვარდის გამოშუქება,
ნოემბერში ნარინჯების ეშხი…
წყალვარდნილებს ელსადგური უხდებათ
და ქარხნების გუგუნია მთებში.
მისი დიდების ამბავი
საუკუნეებს მიაქვთ.
არის ასეთი ქვეყანა, –
მას საქართველო ჰქვია!
აბა ვინ სთქვას: თავის მთით და ბარითა
პატარაა საქართველოს მიწა…
მზეს ეხება, ისე მაღლა ავიდა,
იალბუზით მეშვიდე ცას მისწვდა.
აუვსია, რომ დაუხვდეს გაზახფულს,
ღვინით თასი, ყვავილებით კალთა,
სხვა ოცნება, სხვა დიდება არა სურს
მშობელ ხალხის დღეგრძელობის გარდა.
ღამით ვარსკვლავებს უღიმის,
დღისით მზეს ცეცხლისფრთიანს.
არის ასეთი ქვეყანა, –
მას საქართველო ჰქვია!


GeoTube Designed by Templateism.com Copyright © 2014

Theme images by Bim. Powered by Blogger.